საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

UAG

Business-Blog

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2023 წელი 26,4 მილიონი წმინდა მოგებით დაასრულა

14 წლიანი არსებობის მანძილზე პირველად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) 2023 წელი 26,4 მილიონი წმინდა მოგებით დაასრულა. 2023 წელს კომპანიის ამონაგები 98.1 მლნ ლარი იყო, წმინდა მოგება კი 26.4 მლნ ლარი. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების 2023 წლის ფინანსური ანგარიშგებაშია საუბარი, რომელიც ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადდა და აუდირებულია საერთაშორისო კომპანია PricewaterhouseCoopers (PWC)-ის მიერ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის, განსაკუთრებით, კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისტორიული წელი იყო.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, პირველად არსებობის მანძილზე, 26,4 მილიონიან წმინდა მოგებაზე გავიდა. პირადად ჩემთვის, როგორც აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორისთვის, ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კომპანიის 14 წლიანი არსებობის მანძილზე ეს შედეგი სწორედ, გაერთიანებაში ჩემი ხელმძღვანელად მოსვლის პირველსავე წელს დავდეთ. 2023 წელი ყველაზე გამორჩეული მგზავრთნაკადის კუთხით, ქუთაისის აეროპორტისთვის იყო. ნამდვილად ისტორიული წელი იყო ჩვენთვის მილიონ 700 ათასამდე მგზავრის მომსახურება ქვეყნის სიდიდით მეორე აეროპორტში.

რაც ნიშნავს, რომ სწორი გზით მივდივართ და ყველა პროექტი, რომელიც განვახორციელეთ, პროცესშია თუ მომავალში გვაქვს დაგეგმილი, საჭირო და დროული იყო.

წინ კიდევ ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი ჩვენი მგზავრებისთვის, მათ შორის:

• ქუთაისის აეროპორტში ბაქანის და ხომალდების სადგომების სრული რეაბილიტაცია;

• მესტიის აეროპორტისთვის ახალი ტერმინალის მშენებლობა;

• თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალი

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია 2024-2025 გეგმების” - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

UAG-ის მმართველობითი აღრიცხვის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს საქართველოს აეროპორტებში რეისები 2019 წელთან შედარებით, 107%-ით აღდგენილია, მგზავრთნაკადი კი 115%-ით. განსაკუთრებით ისტორიული წელი იყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომელმაც ოპერირების დაწყებიდან პირველად წლის ჭრილში მილიონ მგზავრზე მეტი მიიღო.

2024 წლის მგზავრთანაკადის პროგნოზი, ფრენების სიხშირეები და შესაბამისად შემოსავლებიც უფრო მეტია 2023 წელთან შედარებით. ამჟამინდელი მგზავრთნაკადის პროგნოზი შეადგენს 6,5 მილიონ მგზავრს.